iBet uBet web content aggregator. Adding the entire web to your favor.
iBet uBet web content aggregator. Adding the entire web to your favor.



Link to original content: https://ka.wikipedia.org/wiki/შარლ_IX_(საფრანგეთი)
შარლ IX (საფრანგეთი) - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

შარლ IX (საფრანგეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შარლ IX
Charles IX
საფრანგეთის 27-ე მეფე
კორონაცია: 15 მაისი 1561
მმართ. დასაწყისი: 5 დეკემბერი 1560
მმართ. დასასრული: 30 მაისი 1574
წინამორბედი: ფრანსუა II
მემკვიდრე: ანრი III ვალუა
ორლეანის ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 24 ოქტომბერი 1550
მმართ. დასასრული: 5 დეკემბერი 1560
წინამორბედი: შარლ II ვალუა
მემკვიდრე: ანრი III ვალუა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 27 ივნისი 1550
დაბ. ადგილი: სენ-ჟერ-მენ-ან-ლე, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 30 მაისი 1574
გარდ. ადგილი: ვენსენი, საფრანგეთი
მეუღლე: ელიზაბეთ ავსტრიელი
შვილები: მარი ელიზაბეტი
შარლი, ანგულემის ჰერცოგი (უკანონო)
დინასტია: ვალუები
მამა: ანრი II ვალუა
დედა: ეკატერინე მედიჩი
რელიგია: კათოლიციზმი

შარლ IX იგივე შარლ-მაქსიმილიან დე ვალუა (ფრანგ. Charles-Maximilien de Valois; დ. 27 ივნისი 1550, სენ-ჟერმენ-ან-ლე, საფრანგეთი — გ. 30 მაისი 1574, ვენსენი, საფრანგეთი) — ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ანრი II-ისა და დედოფალ ეკატერინე მედიჩის შუათანა ვაჟი. ორლეანის ჰერცოგი 1550-1560 წლებში და საფრანგეთის მეფე 1560-1574 წლებში. ტახტზე ავიდა თავისი ძმის, ფრანსუა II-ის უშვილოდ გარდაცვალების შემდეგ.

მისი მცირეწლოვანების გამო დროებით საფრანგეთს რეგენტი, ეკატერინე მედიჩი მართავდა, რომლის შეუწყნარებელი პოლიტიკის გამო 1562 წელს საფრანგეთში კათოლიკეებსა და ჰუგენოტებს შორის რელიგიური ომი დაიწყო. 1572 წელს შარლმა მშვიდობის დამყარების მიზნით თავისი უმცროსი და, პრინცესა მარგარიტა მიათხოვა ჰუგენოტების ლიდერსა და ამავდროულად ნავარის მეფე ანრი დე ბურბონს. მათ ქორწილში დედოფალმა ეკატერინემ მოაწყო ჰუგენოტების მასობრივი ხოცვა-ჟლეტვა, რომელიც ისტორიაში წმინდა ბართლომეს ღამის სახელით შევიდა. ამის საპასუხოდ ჰუგენოტებმა კვლავ განაახლეს რელიგიური ომები. შარლმა სცადა ჰუგენოტების გამაგრებული ქალაქის ლა-როშელის აღება, თუმცა ამაოდ. იგი ასევე აპირებდა ესპანეთთან ომის წამოწყებას.

მისი გადაწყვეტილებების უმეტესობაზე გავლენას დედამისი, დედოფალი ეკატერინე მედიჩი ახდენდა, რომელიც სასტიკად დევნიდა ჰუგენოტებს და აღვივებდა ქვეყნის შიგნით დაძაბულობას.

1574 წელს შარლი კანონიერი ვაჟი მემკვიდრის გარეშე გარდაიცვალა ტუბერკულოზით, ამიტომაც საფრანგეთის მეფე მისი უმცროსი ძმა ანრი III გახდა.

შარლი ბავშვობაში

იგი დაიბადა 1550 წლის 27 ივნისს, საფრანგეთის მეფე ანრი II-ისა და მისი ცოლის, დედოფალ ეკატერინე მედიჩის ოჯახში. მას შარლ-მაქსიმილიანი დაარქვეს, თუმცა შემოკლებით ყველა შარლს ეძახდა. შარლი მათი ათი შვილიდან მეხუთე იყო. გამომდინარე იქიდან, რომ მას ჰყავდა უფროსი ძმა ფრანსუა, შარლი არ განიხილებოდა ტახტის მემკვიდრედ, ამიტომაც მას დაბადებიდან რამდენიმე თვეში ორლეანის ჰერცოგის ტიტული უბოძეს. ამ ტიტულს მანამდე მისი კიდევ ერთი უფროსი ძმა, ლუი ატარებდა, რომელიც 1550 წლის 24 ოქტომბერს გარდაიცვალა, ჯერ კიდევ ჩვილობაში.[1]

1559 წლის 10 ივლისს, ანრი II გარდაიცვალა თავისი ქალიშვილის (ანუ შარლის უფროსი და) ელიზაბეტა ვალუასა და ესპანეთის მეფე ფილიპე II-ის ქორწილში. საფრანგეთის მეფე შარლის უფროსი ძმა, 15 წლის ავადმყოფი ფრანსუა II გახდა. ტახტზე ასვლიდან მალევე, 1560 წლის 5 დეკემბერს ფრანსუა გარდაიცვალა. იქიდან გამომდინარე, რომ ფრანსუას შვილები არ ჰყავდა, საფრანგეთის მეფე მისი უმცროსი ძმა, სულ რაღაც 10 წლის შარლ IX გახდა. მისი მცირეწლოვანების გამო ქვეყანა რეგენტს უნდა ემართა. საფრანგეთის გენერალურმა შტატებმა კი რეგენტად შარლის დედა, დედა დედოფალი ეკატერინე მედიჩი აირჩიეს. 1561 წლის 15 მაისს რეიმსში შარლი საფრანგეთის მეფედ ეკურთხა. სულ მალე, საფრანგეთის ლეიტენანტ-გენერალმა და ამავდროულად ნავარის მეფე-კონსორტმა (როგორც ჟანა III-ის ქმარი) ანტუან დე ბურბონმა საფრანგეთის ტახტისთვის ბრძოლა დაიწყო.

პირველი რელიგიური ომი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შარლის მთელი მეფობის მანძილზე საფრანგეთში სამოქალაქო ომები მიმდინარეობდა. საფრანგეთში არსებობდა ორი დაპირისპირებული რელიგიური მხარე, კათოლიკეები და ჰუგენოტები. ჰუგენოტები იყვნენ ფრანგი პროტესტანტები, რომლებიც საოცარი სისწრაფიც ავრცელებდნენ თავიანთ რელიგიას. ამის საწინააღმდეგოდ კათოლიკეებმა ჩამოაყალიბეს ე.წ. კათოლიკური ლიგა, რომელსაც სათავეში დე გიზების დინასტია ჩაუდგა. თავდაპირველად ეკატერინე მედიჩი ცდილობდა ნეიტრალური მხარე დაეჭირა, თუმცა შემდეგ კათოლიკეების მხარეს გადავიდა და ჰუგენოტების მასობრივი ხოცვა, რბევა და დევნა დაიწყო. ამ ყველაფერს კი შედეგად მოჰყვა 1562 წელს საფრანგეთის რელიგიური ომების დაწყება.

ურთიერთობა ჰუგენოტებთან

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შარლ IX

ჰუგენოტებმა გავრცელება ფრანსუა II-ის მეფობიდან დაიწყეს. თავიდან ისინი მხოლოდ ამბუაზის მიდამოებში ცხოვრობდნენ. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ჰუგენოტები სწრაფად ავრცელებდნენ თავიანს რელიგიას, მათთან ბრძოლა გახდა საჭირო. ჰუგენოტების მასობრივი ხოცვა დაიწყო ლოთარინგიელმა დიდგვაროვანმა ფრანსუა დე გიზმა და მისმა ძმამ, კარდინალმა შარლ დე გიზმა. ჰუგენოტების გახშირებულმა რეპრესიებმა მათი გამძვინვარება და საპასუხო რეაქციები გამოიწვია.[2]

რეგენტი ეკატერინე მედიჩი ცდილობდა კათოლიკეებისა და ჰუგენოტების შერიგებას. 1562 წელს ეკატერინემ დადო სენ-ჟერმენის ედიქტი, რომლითაც ჰუგენოტებს გარკვეული უფლებები მიანიჭა.[3] მიუხედავად ედიქტისა ომი გაჩაღდა. ჰერცოგი დე გიზები კვლავ განაგრძობდნენ პროტესტანტების შევიწროვებას. 1562 წლის 1 მარტს ფრანსუა დე გიზი შეიჭრა ქალაქ პუასუში და ასამდე ჰუგენოტი მოქალაქე ამოხოცა. როგორც ჩანს, ეს ჰუგენოტებისთვის ბოლო წვეთი იყო და სულ მალე გაჩაღდა საფრანგეთის რელიგიური ომები.

მალე კათოლიკეების მსგავსად, ჰუგენოტებმაც იპოვნეს დამცველი. ეს იყო ნავარის მეფე-კონსორტი ანტუან დე ბურბონი და მისი ძმა, კონდეს პრინცი ლუი დე ბურბონი, რომლებსაც გარდა ამისა სამეფო ტახტზეც ჰქონდათ პრეტენზიები. ძმებმა ბურბონებმა დაიკავეს რამდენიმე მნიშვნელოვანი ქალაქი ლუარას ხეობაში. ამის სამაგიეროდ, ეკატერინე მედიჩიმ გააუქმა ედიქტით შემოღებული დათმობები. 1563 წელს რუანთან და ორლეანთან მოხდა სისხლისმღვრელი ბრძოლები კათოლიკეებსა და ჰუგენოტებს შორის, რომელმაც ორივე მხარის ლიდერი შეიწირა, სწორედ ამ ბრძოლებში დაიღუპა ფრანსუა დე გიზი და ანტუან დე ბურბონი. ამრიგად 1563 წელს დაიდო ამბუაზის ედიქტი, რითაც ჰუგენოტებს გაუქმებული უფლებები კვლავ აღუდგინეს. [4]

შეიარაღებული მშვიდობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოთხწლიანი რელიგიური ომების დროს, ეკატერინე მედიჩი დაუღალავად ცდილობდა შეერიგებინა დაპირისპირებული მხარეები, თუმცა ამაოდ. მალე ეკატერინეს ბრძანებით ინგლისელებისგან ფრანგებმა დაიბრუნეს ქალაქი ჰავრი. სწორედ ამ გამარჯვების შემდეგ, 1563 წლის აგვისტოში შარლი სრულწლოვანი გახდა და ქვეყნის მართვა თავად დაიწყო, ეკატერინეს კი რეგენტის სტატუსი ჩამოერთვა. მიუხედავად იმისა, რომ რეგენტის სტატუსი აღარ ჰქონდა, ეკატერინე მედიჩი აქტიურად ერეოდა პოლიტიკაში. ეკატერინეს დიდი გავლენა ჰქონდა შარლზე და მაშასადამე ქვეყანაზეც. 1564 წლის მარტში შარლმა და დედამისმა დატოვეს ფონტენბლოს სასახლე და საფრანგეთში მოგზაურობა დაიწყეს, რომლის დროსაც ისინი მოსახლეობაში კათოლიციზმისა და მეფისადმი ერთგულების გაღვივებას ცდილობდნენ. მათი ტური ორ წელს გაგრძელდა, რომლის დროსაც ისინი ჩავიდნენ ბარში, ლიონში, პროვანსში (სადაც ნოსტრადამუსს შეხვდნენ), კარკასონში, ტულუზაში, ბაიონში, ლა-როშელსა და მოლინსში. 1564 წლის 1 იანვარს შარლმა გამოსცა რუსოლინის ედიქტი.

მეორე და მესამე რელიგიური ომი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
საფრანგეთი შარლ IX-ის მმართველობისას, მწვანე და წითელი ხაზებით მონიშნულია მისი და დედამისის მოგზაურობის მარშუტები

1567 წელს საფრანგეთში რელიგიური ომები კვლავ განახლდა, რაც იმით იყო განპირობებული, რომ შარლის ბრძანებით ფლანდრიაში პროტესტანტები ამოხოცეს. ჰუგენოტებმა კათოლიკეებს სამაგიერო გადაუხადეს და მათ რამდენიმე ფრანგულ ქალაქში კათოლიკეები დაარბიეს. 1568 წელს სენ-დენის ბრძოლაში კათოლიკეებმა მიწასთან გაასწორეს ჰუგენოტები, თუმცა სწორედ ამ ბრძოლაში დაიღუპა კათოლიკეთა მთავარსარდალი ან დე მონმორანსი. საბოლოოდ 1568 წელს დაიდო სამშვიდობო ხელშეკრულება რომელმაც ჰუგენოტებს უფლებები გაუზარდა. ამ ხელშეკრულებამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია კათოლიკეებში, რასაც ომის განახლება მოჰყვა. საბოლოოდ საფრანგეთში მიმდინარე შიდა ომებმა ევროპის სხვა სახელმწიფოებიც ჩაითრია. ჰუგენოტების მხარეს დადგნენ ინგლისი, ნავარა და ნიდერლანდები, ხოლო კათოლიკეების მხარეს იყვნენ იმ ხანად უძლიერესი ესპანეთი, ტოსკანა და თავად რომის პაპი პიუს IV. ომი 1570 წლამდე გაგრძელდა, რაც საბოლოოდ სენ-ჟერმენ-ან-ლაეს ხელშეკრულებით დასრულდა, რითაც მეფემ კვლავ გაუზარდა უფლებები ჰუგენოტებს. [5]

კოლინის აღმავლობა და ხოცვა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1570 წლიდან, მას შემდეგ რაც სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო, შარლი ჰუგენოტი ადმირალის, გასპარ დე კოლინის გავლენის ქვეშ მოექცა. ამრიგად ეკატერინე მედიჩიმ შვილზე გავლენა მთლიანად დაკარგა. კოლინს სძულდა და მოსისხლე მტერი იყო როგორც ეკატერინე მედიჩის, ასევე ანრი დე გიზის. კოლინს ასევე სძულდა ესპანეთიც და მეფეს გამუდმებით ურჩევდა, რომ მასთან ომი დაეწყო.

მალე დაიწყო სამშვიდობო მოლაპარაკებები. ამ მიზნით შარლი თავის უმცროს დას, პრინცესა მარგარიტას ათხოვებდა ნავარის მეფე ანრი დე ბურბონზე (ანტუან დე ბურბონის ვაჟზე), რომელიც მეფესთან ერთად ჰუგენოტების ლიდერიც იყო. ამ ქორწილს ყველა ეთანხმებოდა, ვინაიდან კათოლიკე მარგარიტას და ჰუგენოტი ანრის ქორწინებით სამუდამოდ უნდა გადაჭრილიყო დავა. მარგარიტა და ანრი 1572 წლის 18 აგვისტოს დაქორწინდნენ პარიზში. ქორწილზე დასასრწებლად ათასობით ჰუგენოტი ჩავიდა, რაც კათოლიკეებმა ცუდად გამოიყენეს.

ქორწილიდან მალევე, 1572 წლის 24 აგვისტოს ღამის ორ საათზე კათოლიკეებმა დაიწყეს ჰუგენოტების საშინელი ხოცვა-ჟლეტვა, რომელიც გამთენიისას ძლივს დასრულდა. ანრი დე გიზმა კი მოიშორა თავისი მტერი, გასპარ დე კოლინი, რომელსაც იგი მამამისის, ფრანსუა დე გიზის მკვლელობაში სდებდა ბრალს. თუმცა ხოცვა დიდხანს გაგრძელდა, ის მთელს საფრანგეთს მოედო და ოქტომბრამდე გასტანა. ეს საზარელი ინციდენტი ისტორიაში წმინდა ბართლომეს ღამის სახელითაა შესული. ბართლომეს ღამეს ორგანიზება დედა დედოფალმა ეკატერინე მედიჩიმ გაუწია და ამაზე თავად შარლიც კი დაითანხმა. მთლიანობაში პარიზსა და საფრანგეთის სხვადასხვა პროვინციებში მოკლული იქნა 10 000-ზე მეტი ჰუგენოტი. [6]

მიუხედავად ამგვარი ხოცვისა, ჰუგენოტები რელიგიის თავისუფლებისთვის ბრძოლას განაგრძობდნენ. 1573 წელს დაიდო კიდევ ერთი ედიქტი, რომლითაც ჰუგენოტებს გარკვეულწილად თავისუფლება მიენიჭათ. 1574 წლიდან კი ჰუგენოტებმა ბრძოლა კვლავ განაახლეს. ისინი აჯანყდნენ სენ-ჟერმენში, ნორმანდიაში, პუასუში და რონას ხეობაში. [7]

შარლ IX

როგორც ცნობილია, შარლის ჯანმრთელობის მდგომარეობა არასდროს ყოფილა მყარი. ბართლომეს ღამის შემდეგ გადატანილი დიდი ფსიქოლოგიური სტრესის შემდეგ კი შარლის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. მას ფიზიკური არამდგრადი მგომარეობის პარალელურად, დაეწყო სერიოზული ფსიქოლოგიური გადახრები. ბართლომეს ღამის შემდეგ შარლი ვენსენის სასახლეში გადავიდა, სადაც კიდევ უფრო დამძიმდა მისი ჯამრთელობის მდგომარეობა. შარლს გამუდმებით ტანჯავდა ციებ-ცხელება და სუნთქვაც უჭირდა. ამის შემდეგ საფრანგეთის მოსახლეობაში გავრცელდა ხმები, რომ მეფე ჰუგენოტების მიერ იყო დაწყევლილი და არაფერი უშველიდა. 1574 წლის 30 მაისს საფრანგეთის მეფე შარლ IX გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებიდან მეორე დღეს, დიდმა ფრანგმა ქირურგმა ამბუაზ პარემ მეფის გარდაცვალების მიზეზების შესწავლა დაიწყო. ამბუაზ პარეს ოფიციალური სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, შარლი ტუბერკულოზური ინფექციის ფონზე გამოწვეული მეორადი პლევრიტის შედეგად გარდაიცვალა. აღნიშნულ ვერსიას ბევრი ისტორიკოსი არ იზიარებს და აცხადებს, რომ იგი მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა. მათ ამის მტკიცებულებად შარლის უსაყვარლესი წიგნი "შევარდნებზე ნადირობა" მოჰყავთ, რომელის ფურცლებიც ოფიციალური გამოკვლევების თანახმად შხამითაა გაჟღენთილი. ამავე ისტორიკოსთა მოსაზრებით, იგი მისმა უმცროსმა ძმამ, მომავალმა მეფემ ანრი III-მ მოწამლა, თუმცა აღნიშნული ვერსია ოფიციალურად დადასტურებული არაა.

ქორწინება და შვილები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1559 წელს ევროპის უძლიერეს დინასტიასთან ჰაბსბურგებთან კავშირის გამო შარლის უფროსი და ესპანეთის მეფეს მიათხოვეს. თუმცა მისი და, დედოფალი ელიზაბეტა 1568 წელს გადაჰყვა მშობიარობას. ამიტომაც ეკატერინე მედიჩიმ ჰაბსბურგებთან ხელახლა დამოყვრება მოისურვა. 1570 წელს შარლი დაქორწინდა ელიზაბეთ ავსტრიელზე, რომელიც იყო საღვთო რომის იმპერატორ მაქსიმილიან II-ისა და მისი ცოლის, საღვთო რომის იმპერატრიცისა და ამავდროულად ესპანეთის პრინცესა მარია ესპანელის ასული. შარლსა და ელიზაბეთს მხოლოდ ერთი გოგონა შეეძინათ 1573 წელს, სახელად მარია ელისაბედი. მას მარია ბებიის, მარია ესპანელის, ხოლო ელისაბედი ინგლისის დედოფალ ელისაბედ I-ის პატივსაცემად დაარქვეს. [8]გარდა ამისა შარლს ჰყავდა ერთგული საყვარელი მარი ტუშეს სახით, რომელთანაც ერთი უკანონო ვაჟი ჰყავდა, შარლ დე ვალუა, რომელიც შემდგომში ანჟულემის ჰერცოგი გახდა. [9]პრინცესა მარია ელისაბედ ვალუა კი 1578 წელს გარდაიცვალა, 5 წლის ასაკში.

  • Durant, Will (1961). The Age of Reason. VII. Simon and Schuster.
  • Frieda, Leonie (2003). Catherine de Medici. New York: Harper Collins.
  • Guizot, F. (1887). The History of France. III. London.
  • Heritier, Jean (1963). Catherine de Medici. London: George Allen and Unwin.
  • Jouanna, Arlette; Boucher, Jacqueline; Biloghi, Dominique; Thiec, Guy (1998). Histoire et dictionnaire des Guerres de religion (in French). Collection Bouquins. Paris: Laffont.
  • Knecht, Robert J. (2000). The French Civil Wars. Modern Wars in Perspective. Harlow: Longman.
  • Saint-Amand, Imbert de; Martin, Elizabeth Gilbert (1893). Women of the Valois court. Charles Scribner's Sons.
  • Salmon, J. H. M. (1975). Society in Crisis: France in the Sixteenth Century. London: Methuen.
  • Sutherland, N. M. (1962). "Calvinism and the conspiracy of Amboise". History. 47 (160): 111–138.
  • Eileen Kinsella & Lorena Muñoz-Alonso (2017) "10 Unmissable Masterpieces at TEFAF Maastricht 2017"

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Heritier, p. 48; Frieda, p. 69.
  2. Salmon, p. 124–137. Sutherland, p. 111–138.
  3. Knecht, p. 78-79.
  4. Knecht, p. 86.
  5. Jouanna et al., p. 181-185; Knecht, p. 151.
  6. Jouanna et al., 196–204.
  7. Jouanna et al., p. 213; Knecht, p. 181.
  8. Saint-Amand/Martin, p. 245.
  9. Saint-Amand/Martin, p. 282.