პიუს X
პიუს X (ლათ. Pius Decimus) ერისკაცობაში ჯუზეპე მელკიორე სარტო (იტალ. Giuseppe Melchiorre Sarto) (დ. 2 ივნისი, 1835, რიეზე, ვენეტო, იტალია — გ. 2 აგვისტო, 1914, რომი, იტალია) — რომის პაპი 1903-1914 წ.წ. კათოლიკური ეკლესიის მიერ წმინდანადაა შერაცხილი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა გლეხის, ჯოვანი ბატისტა სარტოს და მარგერიტა სანსონის ათშვილიან ოჯახში მეორე შვილად. 1858 წელს, მას შემდეგ რაც წარმატებით დაამთავრა გიმნაზია, ეკურთხა მღვდლად. 1879 წელს გახდა ეპისკოპოსი, 1893 წელს კარდინალი და ვენეციის პატრიარქი. პაპად არჩევის შემდეგ გამოაცხადა თავისი პონტიფიკატის მიზნად „ყველაფრის აღდგენა ქრისტეში“. პიუს X-ს ენციკლიკები, მისი პოლიტიკა და შიდა საეკლესიო ცვლილებები მიმართული იყო მოდერნიზმისა და რელატივიზმის ყოველნაირი გამოვლინების წინააღმდეგ (1907-დეკრეტი მოდერნიზმის წინააღმდეგ). საფრანგეთის მთავრობის ანტიეკლესიური პოლიტიკის გამო პიუს X-მ 1905 წელს საერთოდ გაწყვიტა საფრანგეთთან დიპლომატიური ურთიერთობა. პიუს X-მ ისევ დააბრუნა ჩვეულებრივ მღვდელთმსახურებაში უძველესი გრიგორიანული საგალობლები და მოუწოდებდა მრევლს ზიარების რაც შეიძლება ხშირი მიღებისკენ. მან შემოიღო ყველა სასულიერო პირისთვის სავალდებულო ანტიმოდერნისტული ფიცი (1910), რომელშიც მომავალ სასულიერო პირს უნდა დაეგმო ყოველგვარი სიახლე, რაც კათოლიკურ ტრადიციას ეწინააღმდეგებოდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 90.
წინამორბედი: ლეო XIII |
რომის პაპი 1903 — 1914 |
შემდეგი: ბენედიქტე XV |