iBet uBet web content aggregator. Adding the entire web to your favor.
iBet uBet web content aggregator. Adding the entire web to your favor.



Link to original content: http://ka.wikipedia.org/wiki/ევაგრე_პონტოელი
ევაგრე პონტოელი - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

ევაგრე პონტოელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ევაგრე.

ევაგრიოს პონტოელი, ევაგრე პონტოელი (ბერძ. Εὐάγριος ὁ Ποντικός; დ. დაახლ. 345, იბორა, ახლანდ. თოქათის პროვინცია, თურქეთი, — გ. 399, სკეტე, ახლანდ. ბეჰეირის მუჰაფაზა, ეგვიპტე) — ადრექრისტიანული ეკლესიის საეკლესიო მოღვაწე, ფილოსოფოსი. ევაგრეს მოძღვრებამ მჭვრეტელობითი ლოცვისა და ასკეტიზმის შესახებ საფუძველი დაუდო ქრისტიანულ ეკლესიებში სულიერი ცხოვრების ტრადიციას.

ევაგრე დაიბადა 346 წელს მღვდლის ოჯახში, რომის იმპერიის პონტოს პროვინციის ქალაქ ებორაში. რიტორიკული განათლება მისცა ცნობილმა ფილოსოფოსმა ლიბანიუსმა. ბასილი დიდმა (კესარიელმა) მედავითნედ აკურთხა, გრიგოლ ნაზიანზელმა (სხვა ცნობით — გრიგოლ ნოსელმა) — დიაკვნად. 381 წელს ევაგრე კონსტანტინოპოლში არქიდიაკვანი გახდა. გადმოცემით, აქ მას გაუმიჯნურდა ადგილობრივი წარჩინებულის ცოლი. ქმრის შურისძიების საფრთხემ ევაგრე იძულებული გახადა იერუსალიმში ბერად აღკვეცილიყო. აქედან ის გადავიდა ეგვიპტეში, სადაც გარდაცვალებამდე ცხოვრობდა. მის სახელთანაა დაკავშირებული ნიტრიის უდაბნოში სამონასტრო ცხოვრების გაცხოველება.

ევაგრე იყო იყო ორიგენისტი, წამოყენებული ჰქონდა მოძღვრება სულთა წინასწარი არსებობის შესახებ, ქადაგებდა მონაზვნურ იდეებს. მისი მოღვაწეობის შესახებ ცნობებს გვაწვდიან პალადიოს ჰელენოპოლელი, სოზომენე და V–XIV საუკუნეების ბიზანტიელი საეკლესიო ისტორიკოსები. მისი შრომები V საუკუნის II ნახევარში ლათინურად თარგმნა ორიგენეს მიმდევარმა, საეკლესიო ისტორიკოსმა რუფინუსმა. კონსტანტინოპოლის V საეკლესიო კრებაზე (553) ევაგრეს მწვალებლობისადმი მიდრეკილება დასწამეს და ეკლესიიდან განკვეთეს. ამის მიუხედავად, ეკლესიამ შეიწყნარა ევაგრეს ნაშრომები, სადაც მართებული თეოლოგიური აზრებია გადმოცემული. მას ეკუთვნის მრავალი პოლემიკური თუ ასკეტური ხასიათის თზულება, რომლებიც ფართოდ გავრცელდა ქრისტიანულ სამყაროში. არსებობს მისი ნაშრომების თარგმანები ლათინურ, სირიულ, კოპტურ ენებზე. ქართულ ენაზე შემოგვრჩა ევაგრეს რამდენიმე ტრაქტატი, რომელთა მთარგმნელად კორნელი კეკელიძე ექვთიმე ათონელს მიიჩნევდა.

ზოგიერთი ბიზანტიელი ავტორის (პალადიოს ჰელენოპოლელი, სოზომენე, ნიკიფორე ქსანთოპულოსი, ნიკიფორე კალისტე) ცნობების ინტერპრეტაციის საფუძველზე ქართულ სამეცნიერი ლიტერატურაში გამოითქვა აზრი (კ. კეკელიძე, ს. ყაუხჩიშვილი) ევაგრეს ქართული (იბერიული) წარმომავლობის შესახებ, თუმცა ეს მოსაზრება სხვა ისტორიკოსების მიერ არაა გაზიარებული.

  • ყაუხჩიშვილი, ს., ნიკიფორე ქსანთოპულოსი // ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. VII, თბილისი: მეცნიერება, 1967. — გვ. 104-114.
  • ლომსაძე შ., მიხეილ თამარაშვილი და ქართველი კათოლიკეები, თბილისი, 1964 წ.
  • კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I, თბილისი, 1960 წ.
  • მახარაშვილი ს., ევაგრე პონტოელის ცხოვრება-მოღვაწეობა და მის თხზულებათა ქართული თარგმანი, კრ.: ძველი ქართული მწერლობის მატიანე, I, თბ., 1984.