iBet uBet web content aggregator. Adding the entire web to your favor.
iBet uBet web content aggregator. Adding the entire web to your favor.



Link to original content: http://ka.wikipedia.org/wiki/დელტა
დელტა - ვიკიპედია შინაარსზე გადასვლა

დელტა

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დელტა (მრავალმნიშვნელოვანი).
დელტა გრენლანდიის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე
მეკონგის დელტა

დელტამდინარის ქვემო წელის დადაბლება, ზღვაში ან ტბაში შეჭრილი მდინარის შესართავი, რომელიც აგებულია ნარიყით და გადაკვეთილია მეტნაკლებად დატოტვილი მდინარის ნაკადებითა და ფშანებით. დელტა წარმოიქმნება მდინარის ჩამონადენის, ზღვის ღელვის, მოქცევებისა და წყლის მიმოდენის რთული ურთიერთმოქმედების შედეგად. დელტის ზრდას ხელს უწყობს მდინარის მყარი ჩამონადენის სიუხვე, წყალსატევის (ზღვის, ტბის) დონის დაწევა (ან ხმელეთის ნაპირის აზევება).

განასხვავებენ დელტის ტიპებს: ნისკარტისებრი (ტიბრი), ლაპოტური (მისისიპი), ბლოკირებული (კამჩატკა), გამოშვერილი, მომრგვალებული ზღვის კიდით (ნიგერი), მრავალკუნძულიანი (ვოლგა), ჩაჭრილი (ნევა). ნოყიერი და დანესტიანებული ნიადაგების გამო ზოგი დელტა ინტენსიური მიწათმოქმედების რაიონია; ამ მხრივ აღსანიშნავია მდინარეების ნილოსის, ხუანხესა და განგის ვრცელი დელტები.

დელტა უწოდა ჰეროდოტემ მდინარე ნილოსის შესართავს, მდინარის ორი მთავარი ნაკადის სამკუთხა ფორმის გამო, რომელიც ბერძნული ანბანის ასომთავრულ Δ (დელტას) მიამსგავსა.[1]

დელტების დიდი ნაწილი აგებულია წვრილმარცვლოვანი დანალექებით, ქვიშებით და თიხოვანი მასალით შეზავებული ალევრიტებით. დელტური დანალექებისათვის დამახასიათებელია მეტად მრავალფეროვანი ფენობრიობა. დელტური დანაგროვების სიმძლავრე აღწევს რამდენიმე ასეულ და ათას მეტრს. მაგალითად მდინარე ნიგერის დელტური დანალექების სიმძლავრე 8 კილომეტრია. დელტის ზრდის სიჩქარე მერყეობს რამდენიმე მეტრიდან რამდენიმე ასეულ კილომეტრამდე წელიწადში. დიდი მდინარეების დელტები ხშირად დიდ ფართობს იკავებს. მდინარე ამაზონის დელტის ფართობია 100 ათ. კმ², მისისიპისა — 80 ათ. კმ², მდინარე ლენისა — 28 ათასი კმ², მდინარე ვოლგისა — 19 ათასი კმ². მდინარე სულაკი კასპიის ზღვას ერთვის ერთი შესართავით, ხოლო მდინარე ვოლგა, რომელსაც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მორფოლოგიურად რთული დელტა აქვს, კასპიის ზღვას ტოტებით, ფშანებითა და პატარა მდინარეებით ჩაერთვის, რომელთა რაოდენობა 500-მდეა.

დელტებს წარმოქმნის საქართველოს მდინარეებიც. აღსანიშნავია მდინარეების რიონისა და ჭოროხის დელტები. რიონის დელტაში გაშენებულია ქალაქი ფოთი თავისი გარეუბნებითა და ნავსადგურით. იგი მოწყვლადი დელტაა. მდინარე ჭოროხის დელტა მოიცავს სანაპირო ტერიტორიას საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან (თურქეთთან) მდინარე ყოროლისწყლის შესართავამდე. მისი ფართობია 85 კმ². დელტის ხმელეთის თითქმის 70% უჭირავს ქალაქ ბათუმს თავისი გარეუბნებით და ადლიის აეროპორტს, 15% აგროსავარგულები და პლაჟებია.[2] აღსანიშნავია აგრეთვე მდინარე მტკვრის დელტა აზერბაიჯანში, შესართავამდე 25 კმ-ზე მტკვარი ორ ტოტად იყოფა და ქმნის დელტას, რომლის ფართობია დაახლოებით 100 კმ².[3]

დელტური ნალექები ეწოდება მდინარის შესართავისპირა რაიონის მექანიკური შედგენილობის სხვადასხვაგვარ ნალექს; ნამარხ დელტებში ხშირად გვხვდება ნახშირის ფენები. დელტის რაიონში წარმოიქმნება ეგრეთ წოდებული დელტური ნაპირი — დაბალი და მოვაკებული, ხშირად ლაპოტური ან თითისებურად განტოტებული ნაპირი, რომელიც აგებულია ფხვიერი ნაყარით. ბერდფუტი წარმოადგენს მდინარის დელტას, რომელიც მოყვანილობით წააგავს „ჩიტის თათს“.[4]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. დელტა // დიდი რუსული ენციკლოპედია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-24. ციტირების თარიღი: 2021-04-24.
  2. საქართველოს ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური სისტემების მოწყვლადობა და ადაპტაცია კლიმატის ცვლილების მიმართ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-20. ციტირების თარიღი: 2019-05-18.
  3. აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 186-187.
  4. Геоморфологический словарь-справочник. Ахромеев Л.М. (сост.) Брянск. 2002.